შინაარსზე გადასვლა

.გე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
.გე
შემოღებულია 2016 წლის 20 იანვარი
დომენის ტიპი ზედა დონის ეროვნული დომენი
სტატუსი მოქმედი
რეგისტრატორი ITDC
დანიშნულება საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი
ფაქტობრივი გამოყენება მხედრული ანბანით დაწერილი საინტერნეტო მისამართებისთვის
საიტი რეგისტრაცია.გე

.გეზედა დონის ქართულენოვანი ეროვნული დომენი (ccTLD) საქართველოსთვის.

აღნიშნული ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საჯარო გამოკითხვის საფუძველზე შეარჩია და წარუდგინა ინტერნეტ-დომენების მაკონტროლებელ ორგანიზაციას,[1] ქვეყნის ორნიშნიანი ლათინური კოდია GE, წარმოდგენილი მხედრული ანბანის ასონიშნებით, განითა და ენით. მისი მეშვეობით, შესაძლებელია ქართული მხედრული ანბანით აკრეფილი ინტერნეტ-მისამართების რეგისტრაცია.

2009 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო დომენური სახელების (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) ინტერნაციონალიზაცია, „მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN)“ მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.[1] საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს ზემოაღნიშნულ კომიტეტში 2005 წლის თებერვლიდან,[2] მას შემდეგ რაც მისი მე-100 სამთავრობო წევრი გახდა, მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა და შეფასებისთვის წარადგინა დომენური სტრიქონი .გე, რომელიც წინასწარ შეირჩა გამოკითხვის შედეგად ალტერნატიული ვარიანტებიდან: „კა“ (ორნიშნიანი საერთაშორისო ენის კოდი Ka[rtuli]) და „სა“ (პირველი ორი ასო, ქვეყნის ქართული დასახელებიდან).[3]

შეფასების ეტაპი წარმატებით დასრულდა 2011 წლის მარტში და ქვეყანას მიენიჭა აღნიშნული ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი.[1] 2014 წლის 24 ოქტომბრიდან კი საქართველოს ოფიციალურად მიეცა უფლება, საინტერნეტო მისამართების მხედრული ანბანითა და .გე დაბოლოებით დაწერის.[2][4] ამგვარი დომენური სახელების განკარგვის უფლება გადაეცა პროგრამაში მონაწილე, „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს (ITDC)“.[5]

2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო რეზერვაციის პროცესი სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან .ge დომენის მფლობელებისთვის, ხოლო 6 თვის შემდეგ, 8 აგვისტოდან, რეგისტრაცია საყოველთაოდ გაიხსნა და მისამართები ხელმისაწვდომი გახდა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის რეზიდენტი ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. დომენის შერჩევა და დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმში, პირდაპირ ვებგვერდიდან.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს მოენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) .გე;. GNCC (2011-03-09). ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  2. 2.0 2.1 ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი. GNCC (2016-01-22). ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  3. .გე Georgian IDN ccTLD. aptld.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  4. ქართული დომენის “.გე” გამოყენების უპირატესობები. netgazeti.ge (2016-09-06). ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  5. Report on the Delegation of the (“გე”) domain to the Information Technologies Development Center. IANA (2014-09-26). ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  6. .გე ზონის დომენის სარეზერვო ბაზის შესაქმნელად წინასწარ რეზერვაცია დაიწყო. Marketer.ge (2016-02-01). ციტირების თარიღი: 2019-04-09.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=.გე&oldid=4174806“-დან